You are here
loading...
აი, ერთად დგომას და თანადგომას რა შეუძლია…გვინდა დადებითი ემოცია გადმოგედოთ ბლოგი მთავარი 

აი, ერთად დგომას და თანადგომას რა შეუძლია…გვინდა დადებითი ემოცია გადმოგედოთ

ქეთი მიქაძე

საკმაოდ დაძაბული და აგრესიული დღის შემდეგ ძალიან მომინდა თქვენთვისაც ის დადებითი ემოცია გადმომედო, რაც ჩვენ განვიცადეთ. კარგია,რომ ამხელა აგრესიის და ერთმანეთის ქილიკის გარდა ქვეყანაში რაღაც კარგი ხდება და ეს კარგი მხოლოდ ერთად დგომით მიიღწევა.

გახსოვთ ალბათ, ახალი წლის წინა დღეებში ხაშურში მცხოვრებ მარტოხელა დედაზე ვწერდით, რომელიც ორ შვილს გაუსაძლის პირობებში ზრდის. მძიმე ყოას ისიც ემატეოდა, რომ ბავშვები ახალი წლის რამეს უშუქოდ და უგაზოდ-სიცივესა და სიბნელეში გაატარებდნენ, რადგან დედა დაგროვილ დავალიანებას ვერ იხდიდა. მერე ისიც გავიგეთ, რომ ოჯახს ელექტროენერგია და გაზი თვეების მანძილზე არ მიეწოდებოდა.

ალბათ ისიც გახსოვთ, მასალის გაკეთების შემდეგ თქვენ, ჩვენს მკითხველს მოგმართეთ და ამ ოჯახის დახმარება გთხოვეთ, რაც ანგარიშზე 2-5 ლარის ჩარიცხვაში გამოიხატებოდა, მასალის დადებიდან სულ რამდენიმე წუთში მოხდა სასიხარული ფაქტი-ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები ანგარიშზე 100, 20, 10, 5 ლარს რიცხავდნენ და თან გვთხოვდნენ, მათი ვინაობა არ გაგვესაჯაროებინა.

გვიხაროდა ის, რომ უკვე მე-5 შემომწირველის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ ოჯახის ბავშვებს საახალწლო სურვილი აუხდებოდათ და სხვებივით სითბოსა და სინათლეში შეხვდებოდნენ დღესასწაულს, ორმაგად გვიხაროდა ის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გვენდო და ყოველგვარი კითხვების გარეშე მითითებულ ანგარიშზე თანხას რიცხავდა.

კობალაძეების ოჯახს დენის და გაზის ფული გადავუხადეთ, კიდევ 300 ლარი დარჩა, რითიც დიასახლისმა პროდუქტი და ბავშვებისთვის საჭირო ნივთები შეიძინა.

აქციის დასრულების შემდეგ კიდევ გრძელდებოდა თანხის ჩარიცხვა და საბოლოოდ კიდევ შეგროვდა იმდენი, რომ ბავშვებს საწოლი და კამოდი ვუყიდეთ, რომლებიც სულ რამდენიმე საათის წინ მიუტანეს ოჯახს.

თავად უარზე იყო, მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო, რადგან დღეს მთელი დღე სწორედ ამ ნივთების შესაძენად მუხლჩაუხრელად დარბოდა არასამთავრობო ორგანოზაცია: სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრის ,,თანამონაწილე” – დამფუძნებელი და  დირექტორი დიანა გელაშვილი. სწორედ   მან შეიძინა ნივთები ხაშურში, ხან „ემბავუდში“ იყო, ხან დივანის სანახავად მიდიოდა, მერე ორივეგან მანქანებიც დაატვირთინა, ადრესატამდე მიიტანა და მაღაზიის წარმომადგენლებს ააწყობინა კიდეც.

აი, ახლა უკვე შეგვიძლია საბოლოო ანგარიში ჩაგაბაროთ და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ-ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.

დარწმუნებული ვარ, თქვენც გადმოგედოთ ის განცდა, რაც ახლა მე მაქვს, ვიცი, რომ კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ჩუმად გულში-ძალა ერთობაშია, მაგრამ…მაგრამ რჩება უამრავი ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდება და ალბათ სულ მალე დადგება ის დღე, როცა ისეც ჩვენ, უბრალო ადამიანები შევძლებთ გამოსავალის პოვნას.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც აქციაში მიიღო მონაწილეობა და ერთ დღეში შევძელით თვეების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემის გადაჭრა.

 

Comments

comments

Related posts